გამოხმაურება თამი სეფიაშვილის რომანზე

”სხვა თვალით დანახული სამყარო”

თამი სეფიაშვილი საქართველოდან რეპატრირებული ებრაელია, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. საქართველოს სიყვარულმა და  მშობლიური ენისადმი პატივისცემამ მალევე შეახსენა მას  თავი და დააწყებინა  წერა. თამის არაერთმა რომანმა თუ მოთხრობამ იხილა უკვე დღის სინათლე.  მიუხედავად მოუცლელი ყოველდღიურობისა, მწერალი მაინც ახერხებს თავისი საყვარელი საქმე გვერდით არ გადადოს და კვლავ გაახაროს თავისი მკითხველი ახალი შემოქმედებითი ნაღვაწით.

თამის შემოქმედებაში ებრაული და ქართული სინამდვილის სიყვარულით შთაგონებული სიტუაციები, სახეები იქმნება, იშლება და ვითარდება. მისი ნაწარმოებების  წაკითხვის შემდეგ გრჩება შეგრძნება,  რომ ავტორს თავის თანამედროვეებთან გულწრფელი და ღია დიალოგი სურს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან იგი მწერლობის მიღმაც რეალური ყოფის შეგრძნებით ცხოვრობს და სუნთქავს. ამიტომაცაა, რომ თამი მუდმივად ხელს უწვდის ორივე ქვეყნის შვილებს, რომლებსაც მისი თანადგომა, მოსმენა ესაჭიროებათ.

განსაკუთრებით საყურადღებოა თამი სეფიაშვილის ბოლო რომანი ”სხვა თვალით დანახული სამყარო”, სადაც გადმოცემულია ნამდვილი ამბავი, რომელიც ასახავს მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელ ეპიზოდებს, დახატულია სხვადასხვა სოციალური ფენების ცხოვრების რეალური სურათები, შავი სამყარო  და ”ქურდული” ყოფა მთელი თავისი სისასტიკით. ქართული ენის მდიდარი ბუნება, მისი ფლობა საშუალებას აძლევს ავტორს  შესაბამისი მხატვრული თუ სოციალური სიუჟეტის დასახატად გამოიყენოს შესაბამისი ლექსიკა. იგი რეალისტი მწერალია და რეალური სინამდვილის აღწერას სწორედ თანამედროვე ქართულში არსებული ენობრივი საშუალებების გამოყენებით ახდენს. ამიტომაც, მისი პერსონაჟები ყველასათვის გასაგები ენით მეტყველებენ. მისი შემოქმედებით შეიძლება დაინტერსდეს რიგითი მკითხველი, რომელსაც საინტერესო ამბავი, თავგადასავალი, სიუჟეტური ინტრიგა იტაცებს... ეს კი საშუალებას აძლევს მათ ყოველგვარი სიღრმისეული ფენების გარეშე მიიღოს და გაიგოს სათქმელი. ამიტომაცაა, რომ თამის რომანების კითხვისას მკითხველი ეფლობა შემოთავაზებულ სიუჟეტში, თითქოს მისი გმირი იყოს, ეუფლება შეგრძნება თითქოს რომანის  პერსონაჟები(დათო, გიორგი, ალექსანდრე და სხვანი) მისი ნაცნობები და მის გვერდით მცხოვრები ხალხია.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც მწერალი თამი სეფიაშვილი  თავის რომანებში  თანამედროვეობის ბევრ  აქტუალურ საკითხს შეეხება,  ბევრ საინტერესო თემას მხატრულად გაშლის  და  კიდევ მრავალჯერ მიანიჭებს სიხარულს  თავის მკითხველს.

 

თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ლალი გულედანი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

თამარ ლომთაძე

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფერს თვალს უსწორებ და ხვდები რომ რაღაცები არ გამოვიდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ამ დროს ან მთლიანად ცვლი ცხოვრებას ან კიდევ ჭაობში ეშვები

Author

თამი სეფიაშვილი

ალბათ, წლები უნდა გასულიყო, რომ ისევ წავრმდგარიყავი ჩემი მკითხველის წინაშე. სულ სხვა იმიჯით, ისევ თქვენთან ვარ. ახალი და ისევ ისე რეალური თემებით. მკითხავთ, რატომ რეალური?

-იმიტომ, რომ იმას რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ვერც ერთი ფანტაზია შეცვლის. ცხოვრება მიდის, ვიცვლებით, თუმცა რჩება წარსული, მონატრება და მიუღწეველი ოცნებები. აი, ასეთია ჩვენი ცხოვრების რეალობაც. ამჯერად, ჩემი მოთხრობები, ეთმობა აუსრულებელ ოცნებებს, რომელიც ვერ მოასწრო და ვერ აისრულა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა. მისი გარდაცვალების შემდეგ, დავწერე და თქვენამდე მოვიტანე, ამ საუკეთესო პიროვნების ცხოვრების ამბავი, საიდანაც ჩანს, თუ როგორ შეიძლება ცხოვრება გატაროთ მწვერვალებზე.

ცხოვრების ბორბალი კი ტრიალებს და ჩვენც ვიცვლებით. ზოგი ვახერხებთ და ვცვლით ცხოვრებას, ზოგი კი მივუყვებით გზას ისე, როგორც ეს ჩვენმა ბედმა გვიბოძა, მაგრამ ჩემს მეორე მოთხრობაში იმ პიროვნებებზე გავამახვილე ყურადღება, რომლებაც სიცოცხლეს რაღაც პერიოდში, სულ სხვა თვალით შეხედეს ცხოვრებას და 100 პროცენტით შეცვალეს, თუმცა მათ ადგილას ზოგი ხელს ჩაიქნევდა. აი, ასეთია ჩემი ახალი მოთხრობები. დრო გადის, არვინ არ იცის ხვალ მე ვიქნები თუ არა. უბრალოდ, ვტოვებ ნაკვალევს ვიცი, რომ სხვას მე არ ვგავარ. ამით ვასრულებ ჩემო მკითხველო და გემშვიდობებით ახალ რეალურ ამბებამდე. სიყვარულით ავტორისაგან.

eBook Landing Page

ვიდეო